პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა- უკრაინის ქალაქები მასიურად იბომბება

პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. გამანადგურებლები ოფიციალურ კიევს სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია Defence24.pl-ის ჟურნალისტ იაკუბ პავლოვსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა 10 MiG-29 გამანადგურებელი”, – წერს ჟურნალისტი Twitter-ზე
სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემა დააანონსა. ამასთან, თვითმფრინავების პირველი მიწოდების შესახებ ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა. აპრილშივე გერმანიამ პოლონეთს ნება დართო გადაეცა თავისი ხუთი MiG-29 უკრაინისთვის.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა ღამით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ.
“ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ”, – თქვა კიევის მერმა.
რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 35 უპილოტო აპარატიდან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პოპკოს თქმით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნისას დაზიანდა შვიდი მანქანა და საცხოვრებელი კორპუსი. ხუთი დაშავებული ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი, ოკუპირებული ყირიმიდან ღამით თავს დაესხა ოდესის რეგიონსაც. „X-22“ ტიპის რაკეტები მიმართული იყო ერთ-ერთ კვების კომპანიისა და ზღვის სანაპიროზე არსებული რეკრეაციული ზონისკენ. ოდესის რეგიონში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.
8 მაისის ღამით რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ Х-22 ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანა ქალაქ ოდესაზე. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კონცხის თარხანკუტის ტერიტორიიდან რვა გაშვება განხორციელდა. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტები ერთ-ერთი კვების საწარმოს საწყობსა და შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ ობიექტს მოხვდა.
ორშაბათს ღამით ოდესაში სროლის შედეგად დაიწვა უკრაინის “წითელი ჯვრის” საწყობი. 1 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ინახებოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სრულად განადგურდა.ამასთან, “წითელი ჯვრის” ინფორმაციით, ნიკოლაევსკის ოლქში დაზიანდა მობილური ჰოსპიტალი. სამედიცინო აღჭურვილობის და ავეჯის ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება.უკრაინის “წითელი ჯვრის” ოდესის განყოფილების მუშაობა ჰუმანიტარულ სფეროში დროებით შეჩერებულია.
ირანული წარმოების კამიკაძე დრონების ჩამოგდების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, მას შემდეგ უკრაინა რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ირანული დრონების ჩამოყრაზე.
მაშინ ირანმა და რუსეთმა უარყვეს რუსული არმიისთვის დრონების მიწოდება. თეირანმა ნოემბერში აღიარა რუსეთისთვის დრონების მიყიდვა.
8 მაისს, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქი კიდევ ერთხელ დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად საერთო ჯამში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ქალაქ ანტონოვკაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ 67 წლის ქალი და 42 წლის კაცი. ისინი ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულები არიან.
ამასთან ერთად, რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქი სტანისლავი, სადაც კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის 9 წლის ბავშვი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი საჭირო მკურნალობას გადიან.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ინფორმაციით, ანტონოვაკში დაჭრილებს შორის არიან დასახლების ხელმძღვანელი სერჰი ივასჩენკო და მისი ერთი თანამშრომელი.