მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნებამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გეგმას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2023 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ.

დათქმა N1: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

დოკუმენტის თანახმად, პირველი დათქმის შესასრულებლად, მთავრობამ 11 დეკემბერს დაამტკიცა 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, “რომლის ერთ-ერთ კომპონენტს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს”.

დათქმა N2: ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება.
დოკუმენტში ლაპარაკია ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რათა საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით: “მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე”.

დათქმის შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული.

დათქმა N3: შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
მთავრობის გეგმით, ყველა საპარლამენტო პარტია უნდა ჩაერთოს ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. დათქმის შესასრულებლად მთავრობა დოკუმენტში ასევე წერს, რომ თანამშრომლობას გააგრძელებს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში).

დათქმა N4: თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
დათქმის შესასრულებლად, მთავრობის გეგმის ნაწილია 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა; დაგეგმილ აქტივობებს შორისაა ასევე ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.

გარდა ამისა, აქტივობებს შორის მთავრობა ასახელებს 2023 წლის 15 დეკემბერს ცვლილებების მიღებას საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულებების აკრძალვა; მშპ-სთან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).

დათქმა N5: საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის გეგმაა, ხელი შეუწყოს რეგულარულ დიალოგს ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 2024 წლის თებერვალში ასევე იგეგმება საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.

დათქმა N6: პოლიტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.
სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად მთავრობა განსაზღვრავს შემდეგ აქტივობებს და მათი შესრულების ვადებს:

“სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე [2024 წლის იანვარი];
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება [31 იანვარი 2024 წელი];
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება [7 მარტი 2024]”.

დათქმა N7: ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
ამ დათქმის შესასრულებლად მთავრობა გეგმავს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრიროს.

განსახორციელებელ აქტივობებს შორის წერია ისიც, რომ ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად მთავრობა ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან გამართავს შეხვედრებს.

დათქმა N8: დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
მთავრობა ამ ნაბიჯის შესასრულებელ ერთ-ერთ ნაბიჯად განსაზღვრავს მთავრობის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცებას 27 ნოემბერს. ამას გარდა, 2024 წელს დაგეგმილ აქტივობებს შორისაა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა “დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით”.

დათქმა N9: ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ დათქმის შესასრულებლად 6-7 დეკემბერს უკვე გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.

მთავრობა დათქმის შესასრულებლად უკვე გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ასევე 25 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასაც.

მთავრობის გეგმით, 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გამართავენ შეხვედრებს მიმდინარე გამოძიებებზე, მომავალ წელს ასევე იგეგმება ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.

დაგეგმილი აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

სამოქმედო გეგმა ზედაპირული, ძალიან ზერელე და ფასადურია, მასში ჩადებული არ არის რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, სამოქმედო გეგმა დაახლოებით ორი თვე გასაიდუმლოებული იყო.

„სამოქმედო გეგმის ეფექტურობა და შემდეგ უკვე შესრულებული სამუშაო გაიზომება იმით, რაც ისტორიული ეტაპია – ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. სამუშაო გეგმაში ცხრავე დათქმა უნდა იყოს ასახული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ დათქმებზე მუშაობა ასახული არ არის.

პირველ რიგში, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება. თავისუფალი არჩევნების კონტექსტში გამოტანილია მხოლოდ ის უსუსური და ფასადური ცვლილება, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვას ეხება. ასევე, აღნიშნულია სადამკირვებლო მისიით ეუთო/ოდირის ჩამოსვლაზე, რაც ყოველ არჩევნებზე ხორციელდება. ხელისუფლებამ ეს საზოგადოებას განსაკუთრებულ ცვლილებად არ უნდა შეასაღოს. იცით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის დამოკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ძალიან სერიოზული ნეგატიური დასკვნები ჰქონდა და ესეც არ არის ასახული. ასევე, პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიის გაძლიერებასა და საგარეო პრიორიტეტების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე. სამოქმედო გეგმა ზედაპირულია. ძალიან ზერელე და ფასადური – მასში ჩადებული არ არის რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება და ამ მხრივ არსებული რეკომენდაციების შესრულება. ფურცელ-ნახევრიანი ნაგლეჯიდან ევროკავშირის რეკომედაციების მაღალი სტანდარტით შესრულება ვერ დავინახე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ცხრა რეკომენდაცია შესასრულებლად ელემენტარულია, თუმცა „ქართული ოცნება“ მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს.

„12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესრულება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა გაძნელებოდა. ამ რეკომენდაციებით პარტნიორები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გვიბიძგებენ და ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ესეც კი არ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივადაც არ იყო შესრულებული. შესასრულებლად ელემენტარულია ცხრა რეკომედაციაც. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის სტანდარტი ისე დაბლა დაწიეს, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების აკრძალვამდე დაიყვანეს. „ქართული ოცნება“ მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთ საკითხებს, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევას, არ შეასრულებს. „ქართულ ოცნებას“ რეკომედაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს, დოკუმენტი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია.

„მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არაფერს გვეუბნება. „ქართული ოცნება“ დოკუმენტს ამდენი ხანი ასაიდუმლოებდა და ვიხილეთ სამოქმედო გეგმა იმის თაობაზე, როგორ შეიქმნება სამოქმედო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. სხვას ეს დოკუმენტი არაფერს ამბობს. ეს არის არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია. ფარატინა ქაღალდია. ეს ე.წ. სამოქმედო გეგმაც დეზინფორმაციის ინსტრუმენტია, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად რაიმეს აკეთებს ან მომდევნო თვეებში გააკეთებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის საქართველოს მთავრობამ გუშინ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button