მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს

რუსეთს იმაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს ვიდრე NATO-ს ქვეყნებს

“ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ აქვს საბაბი, შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოლიტიკა, რადგან ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს,” – ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

ენტონი ბლინკენის თქმით, თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს იმაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს მის შემცირებას.

“ჩვენ ასეთი იარაღი მეტი გვაქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. მათ ამის შესახებ იციან, და მუდამ გვიბიძგებენ, რომ შემცირებაზე მოლაპარაკებები დავიწყოთ – ჯანდაბა მათ [хрен им], როგორც ხალხში ამბობენ” , – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს “თეორიულად“ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პუტინმა დასძინა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე მიწოდებულია:

“ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. წლის ბოლომდე დავალებას სრულად შევასრულებთ”.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტროლი ბელორუსიაზე.

16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ტაქტიკური იარაღის პირველი ნაწილი ბელარუსში განალაგა. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე ბირთვულ იარაღს სრულად განალაგებენ ბელარუსში.

“ISW ადრე წერდა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელორუსიაში არის დიდი ხნის მცდელობის ნაწილი ბელარუსზე რუსეთის დე ფაქტო სამხედრო კონტროლის გასამაგრებლად და რუსული ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა”, – ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ მოხსენებაში.

ISW-ის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები 16 ივნისს:

უკრაინელმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე და გავრცელებული ინფორმაციით, მიაღწიეს წარმატებას.
15-16 ივნისს რუსულმა ძალებმა კიევსა და კრივი რიჰს ფრთოსანი რაკეტები და დრონები დაუმიზნეს.
რუსეთის ყოფილმა და მოქმედმა მუნიციპალურმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ისინი რუსულ ძალებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ “საყოველთაოდ აღიარებულ” რუსეთის საზღვრებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული კრიზისის გამო.
რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევითი ოპერაციები სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ.
რუსეთისა და უკრაინის ძალებმა განახორციელეს სახმელეთო შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ.
უკრაინული ძალები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ვუჰლედარის რაიონში.
უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან და გავრცელებული ინფორმაციით, ჰქონდათ მიღწევები ამ რაიონში.
რუსული და საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს რუსული სახმელეთო კომუნიკაციების ხაზები (GLOC) რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინას შორის.

მსგავსი პოსტები

Back to top button