მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთთან კავშირების გაძლიერების დრო არ არის-აშშ საქართველოს აკრიტიკებს

ფრენები კი სანქციებს არ არღვევს-პაპუნაშვილი

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ისევ განაცხადეს, რომ დასავლეთი რუსული რეჟიმისგან დისტანცირებულია და დღეს რუსეთთან კავშირების გაძლიერების დრო არ არის. ამჯერად, ეს თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა. მას 22 მაისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მაშინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლაც განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის.

მილერმა გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადრეც გამოთქმული პოზიცია, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ რუსულ თვითმფრინავებს უკრძალავს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში. მილერმა არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ს რეაქციის რაიმე გეგმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

გრიგორი კარასინს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომ ის “აბაშიძესთან განიხილავს პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ განიხილა”.

წინასწარ კომუნიკაციაზე მას შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რაც არაერთმა გარემოებამ მიუთითა, რომ ოფიციალური თბილისი სავარაუდოდ იყო ჩართული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში და იყო ინფორმირებული.

თუმცა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გრიგორი კარასინი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

“სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. რაც შეეხება ფრენებს, ეს ძალიან სწორი, კეთილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმართულია, რათა საქართველოში და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ადამიანებმა მშვიდად იფრინონ მეგობრებთან, ნათესავებთან, დასასვენებლად, ტურისტულ მოგზაურობებში. ვერანაირ პოლიტიკას აქ ვერ ვხედავ, ეს წმინდად კულტურულ-ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, რომელიც იმუშავებს ადამიანების სასიკეთოდ. რა შუაშია აქ ზურაბ აბაშიძე? მე აბაშიძესთან განვიხილავ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ჰუმანიტარულ პრობლემებთან, ამ საკითხებს შევეხეთ, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ”, – აცხადებს კარასინი.

………….
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ, შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, აღქმებს არავინ უნდა აჰყვეს, რადგან მთავარი ფაქტების დაკვირვებაა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლები პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით ერთ წელზე მეტია გაცხადებული აქვთ.

“მნიშვნელოვანია ჩვენ აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი: აქ არანაირ აღდგენებზე არ არის საუბარი. საქართველოს არასდროს თავისი მხრიდან არ შეუწყვეტია პირდაპირი ფრენები რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან და მიუხედავად ამისა, მაშინდელი ხელისუფლებას და შემდეგი ხელისუფლებასაც არანაირ ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წელს და ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. ამიტომ აქ საქართველოს საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელი პოლიტიკაც ჰქონდა აქამდე.

მნიშრვნელოვანია ერთი მომენტი როცა საუბარი არის შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არც ერთ განცხადებაში, არც ერთი უცხოური პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის ან რომელიმე სანქციის დარღვევა – ეს არის ფაქტი.

შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე თუ კი სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, მაშინ ამ მოტივაციებზეც უნდა ისაუბრონ.

ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს.

და მეორე – ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება რა იქნება შემდეგი, იქნება ეს ეკონომიკური კონტრდარტყმა საქართველოს მიმართ, თუ იქნება ეს სხვა სამხედრო სახის რისკები.

იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, ამ პირობებში საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები – არის უსამართლობა,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

გასულ კვირაში, საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლებას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კახეთში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაშია.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
15 მაისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისების კვირაში შვიდჯერ შესრულების ნებართვა მისცა რუსულ ავიაკომპანია “აზიმუტს”. მან პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა”.საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button