მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“აზოვის“ ბატალიონი ბრძოლის ხაზს უბრუნდება

უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა “აზოვი” ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის.

“აზოვის” პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს “აზოვსტალის” ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში “აზოვსტალის” მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ – მათგან ბევრი “აზოვის” მებრძოლი იყო.

ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელები აპირებდნენ “აზოვის” მებრძოლთა საჯაროდ გასამართლებას. გასული წლის სექტემბრის შემდეგ “აზოვის” 300 მებრძოლზე მეტი უკრაინაში დაბრუნდა, პატიმართა გაცვლის გზით.

“აზოვის” პოლკი 2014 წელს შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება და მის სათავეებთან იდგნენ ულტრამემარჯვენე შეხედულებების აქტივისტები. 2015 წელს აშშ-ის კონგრესმა აკრძალა პოლკისთვის დახმარების გაწევა, ნეონაცისტურ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირების გამო. ამჟამად “აზოვი” წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილს.

რუსეთში უმაღლესმა სასამართლომ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამასთან, “აზოვს” რუსეთის პროპაგანდა რეგულარულად იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ უკრაინაში ნეონაციზმი სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში აზოვსტალის დაცვის ლიდერები, მათ შორის აზოვის მეთაური დენის პოკოპენკო, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვმა თურქეთში გაგზავნა, შეთანხმებით, რომ ისინი თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. თუმცა, 2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, როცა ის თურქეთში გამართული ვიზიტიდან ბრუნდებოდა. რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედები გრძელდება. იერიშები იყო დონეცკის რაიონში, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმა მოხდა ხერსონზეც, სადაც დაიღუპა ერთი და დაზარალდა 2 ადამიანი.

მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. იერიშებს 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, დაშავდა 6 პირი. დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია.

“ყოველ პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის- ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად.ყველა საბრძოლო ბრიგადაში მეომრები პირველ კითხვებს სვამენ უპილოტოებზე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე და სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე. დრონი არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებს არ მოუწევთ საკუთარი სიცოცხლით გადახდა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button