პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ორბანი კომპრომისზე წავა უკრაინის დასახმარებლად

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მზადაა წავიდეს კომპრომისზე და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ, დახმარების სახით უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას, თუმცა აღნიშნულს მხოლოდ ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა რომ გასულ შაბათს ბუდაპეშტმა ბრიუსელში გაგზავნა შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან 50 მილიარდი ევროს დაფინანსების საკითხის განბლოკვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დახმარებას ყოველწლიურად დაამტკიცებს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში, რომელშიც განმარტა, რომ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელება უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
კერძოდ, ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ კიევისთვის “ფულის მიწოდების გაგრძელების გადაწყვეტილება ყოველწლიურად გადაიხედება.”
არსებითად, ეს ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ყოველ მომდევნო წელს ექნება შესაძლებლობა დაბლოკოს უკრაინის ფინანსური დახმარება.
“სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყნის მიერ აღიქმება ან ინტერპრეტირებულია, როგორც ყოველწლიური შანტაჟის ინსტრუმენტი. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის ვეტო შანტაჟისთვის, არამედ მიმართულია ევროკავშირის ერთიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისაკენ”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
სამიტს წინ უძღოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს ვიზიტი უკრაინაში, რომლის მთავარი საკითხები იყო ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მომზადება და ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის დაკონკრეტება. უჟგოროდში მოლაპარაკების დაწყებამდე, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა მიანიშნა უნგრეთის პოზიციის პოტენციურ ცვლილებაზე – მან თქვა, რომ ბუდაპეშტი ახლა თანახმაა, რომ დახმარება გამოიყოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არადა ვიქტორ ორბანი მანამდე ამბობდა, რომ ევროკავშირის ფული სხვა წყაროდან უნდა იყოს.
ეს სიიარტოს პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვს სიიარტო რამდენჯერმე ეწვია.
უკრაინის ქალაქ უჟგოროდში 29 იანვარს დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ პეტერ სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრის მოსამზადებლად მხარეებმა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ გადადგეს.
დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ბლოკის ლიდერებმა ორბანის პოზიცია დაძლიეს იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნგრეთის ლიდერს დარბაზის დატოვება შესთავაზეს.
თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ორბანის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფა ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.
ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.