მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბალტიის ქვეყნები საქართველოს რუსული კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, – ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალზე.

„საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – ნათქვამია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ წინსვლა სურთ, მათ დემოკრატიის პრინციპები უნდა დაიცვან.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-სკენ მან უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.“ – აცხადებს ლანდსბერგისი. ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო “ხალხის ძალის” წარმომადგენელთა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.
დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button