უკრაინის არმია ტერიტორიებს იბრუნებს

უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს – ამის შესახებ ინფორმაცია როგორც უკრაინულ, ისე, რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი იზიუმიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ტოვებენ ტექნიკასა და შეიარაღებას რუსი ჯარისკაცები და ოკუპირებული ქალაქებიდან გარბიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ლიმანისა და იზიუმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.
„დღეს, სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის დროშა აღმართეს“, – წერს სინეგუბოვი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.
„დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“- აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს.
კონტრ-შეტევების სერია გრძელდება – უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 30-ზე მეტი ოკუპირებული, სტრატეგიული დასახლება დაიბრუნეს.