მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრძოლა უკრაინაში-მეგობარი ქვეყნები უკრაინას კვლავ სამხედრო დახმარებას უწევენ

უკრაინა ნორვეგიისგან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს. ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defense & Aerospace-მა, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის საერთაშორისო ფონდთან (IFU) ხელი მოაწერა კონტრაქტს უპილოტო საჰაერო აპარატების საწინააღმდეგო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით.

პაკეტი, რომელიც მიეწოდება უკრაინას, შედგება რამდენიმე ისეთი სისტემისგან, რომლებიც შექმნილია უპილოტო საფრენი აპარატების ფართო სპექტრის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ. კონტრაქტის ღირებულება 56 მილიონი ფუნტია.

„ეს კონტრაქტი უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას და მხარს უჭერს მათ უნარს, დაიცვან თავიანთი ხალხი და ქვეყანა საჰაერო საფრთხისგან“, – აღნიშნა ნორვეგიული კომპანიის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება ითვალისწინებს საბრძოლო მასალებს საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და განაღმვის საშუალებებს.

მოგვიანებით, პენტაგონმა დააკონკრეტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის:

დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა;
TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა;
37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის;
12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი დღეს, 14 აგვისტოს, უკრაინაში ჩავიდა, პოლიტიკური მოლაპარაკების გამართვის მიზნით. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ ქვეყანაში განხორციელებული მისი პირველი ვიზიტია.

ლინდნერი კიევში მატარებლით ჩავიდა.

უკრაინა ზეწოლას ახორციელებს გერმანიის მთავრობაზე, რათა რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად კიევს Taurus-ის ტიპის საკრუიზო რაკეტები მიაწოდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button