მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ მოსდის

“ღამ- ღამობით, წყლის რიგში ვდგავართ და ამხელა მანძილიდან ზედა სართულებზე წყალი მიგვაქვს”-თელავში კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ მოსდის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამ- ოთხ დღეში ერთხელ, დაბალი ნაკადით მიწოდებული სასმელი წყალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ზედა სართულებამდე არ ადის.

” დღეს საათნახევრის განმავლობაში გვქონდა წყალი. ზედა სართულებმა ვერ აიღეს. ღამით გავდივართ დაბურღულ წყალთან, რიგში ვდგებით და ასეულ მეტრობით მანძილზე მოვათრევთ წყლის ბიდონებს, მაღლა სართულებზე ასატანად. ეს გზა ცალკეა გაუბედურებული და კაცი არ არის ჩვენი პატრონი”- ამბობენ კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები.

წყალს მთელი კვირის მანძილზე ვერ იღებენ, კვირიკე დიდის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მიუხედავად, დიდი მცდელობისა, მათთან წყალი ცისტერნებითაც არ მიაქვთ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის პრობლემებზე პასუხისმგებელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა.

“წყლის საკითხზე უნდა მიაკითხონ, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას.რაც შეეხება ცისტერნებით მომარაგებას, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიაკითხონ. რაც შეეხება ასფალტის საფარს,მიმდინარეობს ტროტუარების მოასფალტების სამუშაოები, კავკასიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი”- განმარტეს მერიაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, როგორც მოსახლეობის, ასევე მედიის სატელეფონო ზარებს, დღეების განმავლობაში არ პასუხობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button