მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს

როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.

„ტასის” ინფორმაციით, ბლოკპოსტებზე სამხედრო მოსამსახურეები და სამართლამდამცავი ორგანოების თანამშრომლები დგანან. შტაბთან მიმდებარე ქუჩებზე სამხედროების პოსტებია აღმართული, პოლიციის მანქანები და ჯავშანტექნიკა დგას.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, როსტოვის დასავლეთ ნაწილში ავიაციის ხმა ისმის.

მანამდე ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე კონტროლი აიღეს. მისივე თქმით, მისმა სამხედროებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვისგან როსტოვში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვს. მისი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავს.

„ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია. მოკლული სამხედროები 3-4-ჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეს ხელმძღვანელობას დოკუმენტებით მიეწოდება. ხოლო ის, რაც მიეწოდება, არის ათჯერ მეტი, ვიდრე ის, რასაც ტელევიზიით აცხადებენ. დღიური სანიტარული დანაკარგი ზოგიერთ დღეს ათასამდე ადამიანს შეადგენს. ეს მოიცავს მოკლულებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, დაშავებულებს და იმათ, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე, არა იმიტომ, რომ მათ შეშინდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ – არ აქვთ საბრძოლო მასალები, არ აქვთ მართვა“, – აცხადებს პრიგოჟინი.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთში არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს “შეიარაღებულ აჯანყებას” უწოდებს – რუსული უწყება “ვაგნერელებს” მოუწოდებს, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ და მათ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს.

ამასთან, როგორც კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს ხანებში მიმართვა ექნება.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ “ბოროტება შეჩერდება” და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, “არამედ სამართლიანობის მარშია”.

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და “რუსული მიწის” დათმობაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button