,,მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროპული არჩევანია,,-თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმებას ეთანხმება

მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმებას თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური ეთანხმება.
საკუთარი პოზიცია მოსამართლემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.
წიკლაური წერს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროპული არჩევანია და მოსამართლეების ერთი ნაწილის მსგავსად, ეგრეთწოდებულ ვეტინგს ეთანხმება.
“სრულიად ვეთანხმები კოლეგებს. კეთილსინდისიერება ისედაც წარმოადგენს მოსამართლეობის კრიტერიუმს. ამიტომ, ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. მზად ვარ ისევ გავიარო აღნიშნული ტესტი. სასამართლო რეფორმა ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობაა, თუნდაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას მოიცავდეს, “- დაწერა მოსამართლემ სოციალურ ქსელში.
მამუკა წიკლაური იმ მოსამართლეების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც საქართველოში აშშ- ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში იმყოფებოდნენ.
მანამდე, მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ.
ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ დაეთანხმნენ ამავე სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის განცხადებასაც ეგრეთწოდებული ვეტინგის წინააღმდეგ და დაადასტურეს, რომ პლენუმის პოზიციას მათი მათი მხარდაჭერა არ ჰქონია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა 11 მარტს გაავრცელა განცხადება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ, სადაც ვეტინგი მართლმსაჯულებისა და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემლახველ პროცესად მოიხსენიეს.
სასამართლო სისტემის შესახებ ახალი რეკომენდაცია ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის გაფართოების იმ ანგარიშში გაჩნდა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება.
ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.