პირველად 20 წლის შემდეგ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე სანდრო ბაზაძემ რიო-2016-ის ლიცენზია მოიპოვა. შედეგად, ქართველი მოფარიკავე ოცწლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში პირველად იასპარეზებს.
პრაღის ტურნირს ევროპიდან ვაჟთა და გოგონათა შორის რიოს წლევანდელი თამაშების ექვს-ექვსი ლიცენზიანტი უნდა გამოევლინა. სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ზედიზედ დაამარცხა თურქი ენვერ ილდირიმი – 5:1, მოლდოველი ნიკოლაი ზაპოროჟენკო – 5:1, სერბი მარიკო კაიჯიჩი – 5:1 და ხორვატი იოსიპ ბრაიდიჩი – 5:0.

პლეიოფის პირველ ეტაპზე სანდრომ ესპანელ ფერნანდო კასარესს სძლია – 15:7, 1/4-ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელი კონსტანტინ ვორონოვი დაამარცხა – 15:12 და მასთან ჯგუფში 3:5 წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გასვლამ სანდროს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა!

1996 წელს ატლანტაში გამოსული არჩილ ლორთქიფანიძის შემდეგ სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოფარიკავეთა აქტივში ორი ოლიმპიური ოქრო და ბრინჯაოა: ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი (1964 – ტოკიო) და ვლადიმერ აფციაური (1988 – სეული) გახდნენ, გურამ კოსტავამ კი რომის და ტოკიოს ოლიმპიადებზე პირადსა და გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button