ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბეს. რასაც მსხვერპლი მოჰყვა კერძო სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი – 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი.
“დაახლოებით 2:30 საათზე, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი. დაშავებულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო ბომბი გამოიყენეს.
გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატებით და რეაქტიული სისტემებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონზე. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 60-მდე შეტაკება მოხდა. მთლიანობაში კი რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნიკოპოლიც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 სახლი, ფერმის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზი, მიკროავტობუსი, მზის პანელები, ერთ-ერთ კერძო სახლში კი ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.
ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერია გამოიყენეს და ნიკოპოლის ცენტრისა და მარგანეცის თემის მიმართულებით თითქმის 40 ჭურვი ისროლეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.