კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გომელაურმა ესებუას საქმეზე განმარტება გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას საქმეს, დღეს წლიური ანგარიშის წარდგენისას, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გომელაური საქმის მიმდინარეობაზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებს ,მხოლოდ იმას ამბობს, რომ უწყება მუშაობს. მისი განმარტებით, მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც დამნაშავე ძმას ეხმარებოდა.

“ვმუშაობთ. ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა რაღაც ტვირთი, მასში იყო აკრძალული ნივთები. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ, ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში.

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა.

რაც შეეხება ესებუას ძმას, ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button