მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზამ მორიგი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო-გაერო

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევიდნენ.

ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიემართება, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ევაკუაცია არ მომხდარა.

ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო შევიდა. მათი ინფორმაციით, შაბათს ღაზამ მიიღო საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება.

24 ნოემბერს ისრაელმა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ქალები და არასრულწლოვნები. გათავისუფლებული პატიმრები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოფერის ციდიდან ორი ავტობუსით გამოიყვანეს.

შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ 24 მძევალი გაათავისუფლა. მათგან 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია. სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა, როგორი შეძახილებითა და სიხარული ხვდებოდნენ ისრაელში წითელი ჯვრის მანქანებს, რომლებშიც მძევლები ისხდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button