“პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს”

ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ვეტო, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განუცხადა.

აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტის იმ სახით მიღება, როგორითაც პარლამენტშია წარდგენილი როგორც საბანკო სექტორს, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

“ამ ფორმით, ასეთი შინაარსის კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს, ერთი მხრივ, საბანკო სექტორს, მეორე მხრივ კი, მთლიანად ეკონომიკას. თავისთავად ცხადია, ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ვეტო, მით უმეტეს, რომ საუბარი გვაქვს ასოცირების დღის წერიგით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და ასევე სახეზეა საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ითხოვს.

გიორგი აბაშიშვილის მტკიცებით, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, ეროვნული ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა ევროკავშირის ექსპერტიზით უნდა მოხდეს.

წყარო: IPN

მსგავსი პოსტები

Back to top button