ცინიზმი და თვალთმაქცობა- პუტინის “საშობაო ზავის” ინიციატივას გამოხმაურებები მოჰყვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის განცხადება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ყალბი და თვალთმაქცურია.
“რუსული ჯარების გაყვანა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ერთადერთი სერიოზული გზაა. ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები”, – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება “საშობაო ზავის” შესახებ ცინიკურია.
“ჩვენი გადმოსახედიდან, არის ერთი სიტყვა, რომელიც მას საუკეთესოდ აღწერს – “ცინიზმი”. ეს საკმაოდ ცინიკურია, რადგან პუტინის განცხადება “საშობაო ზავის” შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საახალწლო თავდასხმები განახორციელა”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
პრაისის თქმით, რამდენიმე კვირით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსები შეეცდებიან გამოიყენონ ნებისმიერი დროებითი პაუზა ბრძოლებში დასვენებისთვის, ხელახალი შეიარაღებისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის.
აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს ძალების მოსაკრებად, სამხედრო დანაყოფების გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმების მოსამზადებლად. ამის შესახებ ვაშინგტონში 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა საახალწლოდ მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, პრაისმა ცინიზმი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ „საშობაო ზავს“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს მშვიდობა რეალურად რომ უნდოდეს, საკუთარ ჯარს გაიყვანდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან. აშშ-ის ეს პოზიცია გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმაც. მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ზავისადმი სკეპტიციზმის საფუძველია რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გრძელი სია და მისი უმოწყალო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის „საშობაო ზავი“ დასვენების მცდელობაა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი 25 დეკემბერს და ახალ წელს ბომბავდა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და ტაძრებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „საშობაო ზავის“ გამოცხადებით, უკრაინის რეპუტაციის შელახვა სურს.
“რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 6-დან 7 იანვრამდე 36 საათიან ზავს გამოაცხადებენ, სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის რეპუტაციის შელახვას.
პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რელიგიური ნიშნით გამართლება დამატებით დამატებით აძლიერებს რუსეთის მორიგ საინფორმაციო ოპერაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
5 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწოდება და თავდაცვის მინისტრ შოიგუს დაავალა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე. 7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, შობას აღნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ზავი შეაფასა რუსეთის მცდელობად, შეაჩეროს უკრაინის აღმოსავლეთში თავდაცვის ძალების წინსვლა. 5 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს სურს შობა გამოიყენოს დონბასში უკრაინელი მებრძოლების დროებით შესაჩერებლად და მათ პოზიციებთან ახლოს მიიყვანოს საბრძოლო ტექნიკა და მობილიზებული პირები. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი დროებით შესვენებას იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად.