მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ოთახი დატოვა

The Guardian სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.
უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.

„აქ, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის.

მეორე მხრივ, 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 [ქვეყანა] ასე იზამს, თავისი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს და ამის გამო უნგრეთს დღევანდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია,“ – განაცხადა ორბანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

“იმედის ნათელი სიგნალი მათი მოსახლეობისა და ჩვენი კონტინენტისთვის”, – წერს შარლ მიშელი.

ამასთან, მოლაპარაკებები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

ერთი რამ ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი და პერსპექტივა უკრაინისთვის: ევროპულ საბჭოში უკრაინასთან და ასევე მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გადავწყვიტეთ. ერთი რამ ნათელია: ეს ქვეყნები ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან”, – წერს შოლცი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა, რათა ეს მომხდარიყო. ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს. ასევე, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button