საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
აქციის ორგანიზატორი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს:
„ეს არის სიმბოლური აქცია იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთი მდგომარეობა არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში. ჩვენ ამ აქციით ვაფრთხილებთ მას, რომ 22 დეკემბერს თუ სასამართლო არ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას და თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, ეს ადგილი გახდება პერმანენტული აქციების ეპიცენტრი. შეუძლებელია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდებოდეს ციხეში და სალომე ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებდეს. მას მოუწევს პასუხი აგოს მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანამდე და შესაბამისად, არაფერს არ დავუთმობთ მათ. ვერ შევა თავის რეზიდენციაში და თუ ამის საჭიროება დადგება, სახლთანაც მივაკითხავთ. ჩვენ ახლა გვაქვს ღირებულებითი არჩევანი. ახლა ან ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს დემოკრატიული გზა, ან ვეგუებით რუსულ ჭაობს“.
გიორგი მუმლაძის თქმით, ანალოგიური აქცია გაიმართება 18 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც.
22 დეკემბერს, სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
“სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც – მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
#თავისუფლება მიშას – აქციას პრეზიდენტის ადმინსიტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი შეუერთდა.
მესამე პრეზიდენტის ძმამ პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებაზე ისაუბრა და თქვა, რომ რეალობა არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.