პარლამენტი მუშაობს საკითხზე რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება
მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საკითხი დეპუტატებმა განათლების კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტმა სამი კვირის წინ, ენათმეცნიერების, გიორგი გოგოლაშვილის და ნანა მაჭავარიანის ინიციატივას დადებითი დასკვნა მიანიჭა. მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა.
კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
მისივე თქმით, აფხაზური, როგორც ქართულთან ერთად სახელმწიფო ენა, სავალდებულო წესით უნდა ისწავლებოდეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ აფხაზური ენა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქართულთან ერთად, აფხაზური ენის სწავლებას, რაც განხორციელდება დეოკუპაციის შემდეგ, ძალიან დიდი მნიშვნელობა და პრიორიტეტი ენიჭება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დღემდე ის სავალდებულო მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის არის, დანარჩენებისთვის კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. ინიციატივის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტებში წელს ჩაირიცხებიან.
“საუნივერსიტეტო დონეზე ქართული ენის სავალდებულო სწავლების კომპონენტში შემოტანა არის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი იმისა, რომ მოხდეს უფრო მეტად ქართული ენის ცნობიერების გავრცელება ჩვენ მოსახლეობაში. ასევე, ეს იყო საუნივერსიტეტო დონის სწავლების მეთოდოლოგიით განხორციელებული, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფო ენის გაძლიერებას, პოპულარიზაციას და მოსახლეობაში მის უფრო სიღრმისეულ ცნობიერებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.