ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის.
“ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში. ამდენად, ჩვენი მოლოდინი ამ შეფასების საფუძველზე ასეთია, რომ სელექციური კონტრაქტირების პირობებში საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ მეტად ოპტიმალურად ანუ ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც”, – განმარტა IPN-თან საუბარში თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.