“ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და მისი განადგურების მცდელობები ფუჭია,,-ბარამიძე
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, დემოკრატიულ ქვეყნებში, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების არაერთი მაგალითი არსებობს

“ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
“ეს არის შეთქმულება მთლიანად საქართველოს დემოკრატიული წყობილებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რაც, ცხადია, არის მათი მთავარი მიზანი. ამ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს გახლდათ. თავის მხრივ, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, განსაკუთრებით “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებისა და დამფუძნებლების მიმართ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი დამარცხდნენ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ისინი თავს დამარცხებულად თვლიან ყველა მომდევნო არჩევნებში და ამიტომაც აანონსებენ წინასწარ ამ პრევენციულ ღონისძიებას”, – აცხადებს ლანა გალდავა.
მმართველი პარტიის ინიციატივაზე დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და მისი განადგურების მცდელობები ფუჭია.
მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა რაღაცა ქაღალდი, არამედ იდეა და რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ვერ გაანადგურებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც ყველა ქართველი პატრიოტია გაერთიანებული.
„მინდა, გამოვეხმაურო რუსული პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, გაუქმება. მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ რაღაცა იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის, უპირველეს ყოვლისა, ის ხალხი, რომელიც არის გაერთიანებული საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იდეის გარშემო. ეს არის ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო, ეს ნიშნავს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა და არა რაღაცა დოკუმენტი. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ამას უკვე აკეთებთ მე-13 წელია, ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, იდეას, რომელიც არის უზენაესი. ეს არის მთავარი ჩვენი ხალხისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ სულ ტყუილია მათი მცდელობები“,- აღნიშნა გია ბარამიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული საზოგადოება თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს და მოღალატე კრიმინალები აუცილებლად აგებენ პასუხს ეროვნული ინტერესების ღალატისათვის“.
„ნუ გგონიათ, რომ ახლა მსოფლიოში არ სცალიათ ჩვენთვის, უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით, ევროკავშირში ერთად ემზადებიან უკრაინის უფრო მეტად დასახმარებლად და ჩვენთვის არ ცხელათ და ბიძინა ივანიშვილისთვის არ ცხელათ. ასე არ არის. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ დაასანქცირა უკვე გერმანიამ ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში იხილება „მეგობარი აქტი“. მოიწონეს კიდევაც კონგრესის საგარეო კომიტეტში. ასე რომ, ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, რომ შერჩებათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ნუ ჰგონიათ, რომ შერჩებათ ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩადიან საქართველოს რიგითი მოქალაქეების მიმართ, რადგან ისინი იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის. მათ აუცილებლად, ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო ადრე, ვიდრე ისინი ფიქრობენ, მოუწევთ ამ ყველა დანაშაულზე პასუხისგება. ნუ ჰგონია ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდას, რომ შეძლებენ ქართველი ხალხის სანუკვარი, მართლა ოცნების და მიზნის რაღაცნაირად უკანა პლანზე გადაწევას და ხელს ააღებინებენ ამ მიზანზე ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მუქარაზე, რომ ჩვენ გაგვაუქმებენ, მათ ნუ ჰგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაცა ქაღალდი, დოკუმენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც არის ყველა ქართველი პატრიოტი გაერთიანებული. ეს არის იდეა ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოსი. ეს ნიშნავს ევროკავშირში წევრობას, ნატო-ში წევრობას და ეს აუცილებლად ასე მოხდება. ქართული საზოგადოება თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ეს მოღალატე კრიმინალები აუცილებლად აგებენ პასუხს ეროვნული ინტერესების ღალატისათვის. პასუხს აგებენ იმ მრავალი დანაშაულებისათვის, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩადიოდნენ, როდესაც თავს ესხმოდნენ, სცემდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ რიგით ქართველებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოს თავისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა მშვიდობა, მართლა განვითარება, ნორმალური ქვეყნის მოქალაქეობა და საქართველოს კეთილდღეობა უნდოდათ. არ უნდოდათ რუსეთის ვასალობა, არ უნდოდათ რუსეთის მონობა და უნდოდათ, იყვნენ იმ ოჯახის წევრები, სადაც არის თავისუფლება, სადაც არის დემოკრატია და სადაც არის განვითარება“, – განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ! რისი თავი გაქვთ? თქვენ უკვე საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
„ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტმა უმნიშვნელოვანესი „მეგობარი აქტი“ დაამტკიცა გუშინ. ეს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. „მეგობარი აქტი“ ერთი მხრივ ამბობს, რომ უნდა დაეხმარონ ქართველ ხალხს ინვესტიციების მოზიდვაში, ეკონომიკის განვითარებაში, სავიზო ლიბერალიზაციაში, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ვაჭრობის მიმართულებაში მხარდაჭერა, მეორე მხრივ ამბობს, რომ ის ძალები, რომლებიც ხელყოფენ საქართველო სუვერენიტეტს, ჩაგრავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს, მათ მიმართ იქნება გამოყენებული ზომები, სანქციების და სხვა კონკრეტული მიმართულებით.
აქტი განსაზღვრავს, რომ ერთი მხრივ არის „ქართული ოცნების“ იზოლაცია, ჩიხი, ფაქტობრივად საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა, მეორე მხრივ არის უდიდესი შესაძლებლობა მოვიპოვოთ დაცულობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს აქტი განსაზღვრავს, რომ ასეთი დაუცველი, როგორიც დღეს არის საქართველო „ქართულ ოცნების“ პირობებში, არასდროს ყოფილა.
მეორე მხრივ, მკაფიოდ ვხედავთ, ევროკავშირი, აშშ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს, როგორ გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს მომავალს. სწორედ ამიტომ, 31 მარტს ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ერთხმად დიდი ხმა უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს. თუ ვინმე კითხვას სვამს, რა უნდა მოხდეს 31 მარტს? ჩვენ ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ ძალა ჩვენშია, სიმართლე ჩვენშია.
ანტიქართველებს, რომლებიც დღეს ჩვენს პატრიოტ სამხედროებს, ფაქტობრივად ქვეყანას ასამართლებენ, მივუჩინოთ ადგილი. 31 მარტს იმ ხალხს, ვინც სენატში აქტს მხარი დაუჭირა, დიდი ქართული ხმა გავაგონოთ. ამოცანა გვაქვს მრავალათასიანი შეკრება რუსთველის გამზირზე.
გუშინ „ქართული ოცნება“ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს. რატომ დააჩქარა განცხადება? „მეგობარ აქტზე“ კი არ ვისაუბროთ, როგორ გვტოვებენ მტრის წინაშე დაუცველად, არამედ ვისაუბროთ ათას უბედურებაზე.
პარტიების გაუქმება რა არის? ქვეყანას გვიუქმებენ. სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ. თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. გაუქმებულები ხართ, აბა რა ხართ. არავინ გელაპარაკებათ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დადექით და ხომ მიგაჩნდათ ადგილი. გეგონათ რომ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებდით“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2003 – წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მმართველ პარტიას მყარ საფუძველს მისცემს, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „სატელიტი პარტიები“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს“.
საგამოძიებო კომისიის წევრების განმარტებით, სამუშაო პროცესი ყველანაირ საფუძველს ქმნის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ფაქტებით დადასტურებული სარჩელი შევიდეს.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, დემოკრატიულ ქვეყნებში, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების არაერთი მაგალითი არსებობს და ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. მით უფრო მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების პოლიტიკიდან ჩამოშორება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაპირების შესრულების მიზნით ფართოვდება საგამოძიებო კომისიის მანდატიც.
არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფრთხის წინაშე მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” ამტკიცებს, რომ პარტია ვერ გაუქმდება. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წინააღმდეგობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივის ნაცვლად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სწორედ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შეისწავლის კომისია, 2012 წლის შემდგომ პერიოდში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოპოზიციური პარტია, რომელსაც თავად “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დღემდე ერთობლივად იბრძვის. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური ძალები კი ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას და ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.
გიორგი გახარიას გუნდშიც და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაშიც აცხადებენ, რომ ისინი, ყოველთვის დამოუკიდებლად, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულების გამო სხვა პოლიტიკური ძალები.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა ჯერ კიდევ გუშინ გამოაცხადა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა კანონპროექტზეც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. თქვა ისიც, რომ მათი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ამას უკვე კონსტიტუციური წესრიგი განსაზღვრავს.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ შევა, როდესაც შესაბამისი დასკვნა მომზადდება. გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს ერთთვიანი ვადა ექნება.