მნიშვნელოვანისიახლეები

სიების ჩახსნით ოპოზიცია ამომრჩეველს ეკეკლუცება -ოცნების შეფასებები

ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არიან გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ.

მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.

„სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან, თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ვინმეს თუ უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ, ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს არ გამოაცხადებს, ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარი საარჩევნო სიების ჩახსნას ვერ შეძლებენ.

როგორც კახიანმა განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა წარმომადგენლებმა არჩევნებში საკუთარი ნებით მიიღეს მონაწილეობა, მათ შედეგები არ მოეწონათ და ახლა ცდილობენ საარჩევნო სიები ჩახსნან, რათა პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნას.

“მთელი თავიანთი პოლიტიკური პროცესები სიყალბეზე რომ აქვთ აგებული, ვეღარ გამოდიან აქედან და ერთ აბსურდს მეორეს ამატებენ და არიან ამ კომიკურ ვითარებაში. თუ მართლა ასე ფიქრობენ, დასაცინები არიან.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა წარმომადგენლებმა განაცხადი რომ გააკეთეს არჩევნების წინ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვინმე აძალებდა მათ? ეს მათი თავისუფალი ნების გამოხატულება არ იყო? ანუ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ახლა ნახეს, რომ ვერ გაიმარჯვეს და მათი ლოგიკით, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუ ვერ გაიმარჯვებს მერე იტყვიან ჩახსენით ჩვენი სიები, ამას უნდა მოჰყვეს პარლამენტის ვერ შეკრება და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. შემდგომ, დაელოდებიან მომდევნო არჩევნებს, ისევ მომდევნო არჩევნებზე რომ ვერ გაიმარჯვებენ, იმავეს გააკეთებენ – იტყვიან, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიებს. სიბრიყვემდე დასული აბსურდი არის, ვინმეს თუ მართლა სჯერა, რომ კონსტიტუცია ასეთ რამეს ითვალისწინებს.

ანუ არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე მათი თავისუფლების გამოხატულება იყო ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და არავის დაუძალებია მათთვის მონაწილეობა. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ახლა ცესკოს ვალდებულებაა, რომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოაცხადოს, ამიტომ, ოფიციალურად გამოცხადებამდე ვერაფერი ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს იქნება ორ მილიონზე მეტი ადამიანის ნების გამოხატულების ანულირება. ბუნებრივია, ამას ვერავინ გააკეთებს და ეს ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს, 2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მოგვჩვენებია ნამდვილად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, უარის თქმა მანდატებზე, ან სიჩუმის შენარჩუნება, არაფერია თუ არა ოპოზიციური პარტიების პატრონების კიდევ ერთი ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია.

„როდესაც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მანდატებზე უარი თქვან, სიები ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი არანაირად არ უშვებს შესაძლებლობას, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა საბოტაჟის გზით არ მისცეს საშუალება საქართველოს პარლამენტს, რომ შედგეს და საქმიანობას შეუდგეს. ეს ყველაფერი გამორიცხულია და საინტერესო მომენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი 4 პარტიიდან გაიყო მათი პოზიციები – „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, თითქოს თავის ხელმოწერას ურთავენ ფურცლებს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია პირიქით, მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოსდით, არ გამოსდით მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ისევ და ისევ, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კარგად გააკეთა არჩევანი „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რეალურად ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ ძალას – „ქართულ ოცნებას“ შორის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ 1 120 000-ზე მეტ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლას. რაც შეეხება ამ პარტიებს, რომლებიც ისევ და ისევ საგონებელში არიან ჩავარდნილები, არ მგონია ფლომასტერს გასცდნენ. „ტოპ ტვინები“ თუ მივიდნენ ფლომასტერამდე, გაჟონილ მელნამდე, საინტერესოა, საბოლოო ჯამში, რა იდეა დაებადება მათ ტვინებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button