მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ბავშვის უფლებების დასაცავად”

ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი ეხმაურება . ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად”, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button