მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის კონტრშეტევის დეტალები მოკავშირეებისთვის ცნობილი არარის

უკრაინა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, მოკავშირეებისგან მალავს მომავალი საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ კიევის მაღალი თანამდებობის პირები კონტრშეტევის დეტალებს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც არ უზიარებენ. „ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც გეგმა იცის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ვაშინგტონისა და კიევის მიერ ინფორმაციის გაცვლა ისევ ადრინდელ დონეზეა და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს რამეს უმალავს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ უკრაინელების ფარულობის შესახებ კომენტირებისას თქვა: “მათ არ აქვთ ვალდებულება, შეგვატყობინონ ან წინასწარ გვითხრან“.

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Politico-ს განუცხადეს, რომ კიევი კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს, მიზეზი კი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაა. კერძოდ, უკრაინელები ამერიკელ კოლეგების არ უზიარებენ ინფორმაციას კონტრშეტევისთვის მზად მყოფი ჯარების განლაგების ვადის, ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ.
“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ უზიარებს ძირითად სადაზვერვო ცნობებს აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მას იარაღით უჭერდნენ მხარს გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ოფიციალური პირები მუშაობენ ბრძოლის ველთან დაკავშირებული დეტალების ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად.”,- ამ ინფორმაციას Politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მათ შორის ეხებოდა უკრაინას და მის სამხედრო პოტენციალს. საიდუმლო მასალების გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეჭვმიტანილი, ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინისთვის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს.

შეკითხვას, გამოიწვია თუ არა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ დაძაბულობა და ნდობის დაკარგვა უკრაინასა და აშშ-ს შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პირადი გრძნობები არ ღირს იმად, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას რომ პუტინის წინააღმდეგ პირადი ომი ჰქონდეს და ბრძოლის ველზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ყველას ყველაფერს ღიად ეტყოდა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარია და შესაბამისი პასუხისმგებლობა მართებთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button