მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ გაშვებული 19 რაკეტიდან უკრაინელებმა 14 ჩამოაგდეს

მსოფლიო ქვეყნების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება კვლავ გრძელდება

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 19 რაკეტიდან უკრაინელებმა 14 ჩამოაგდეს.

“რუსული ძალების მხრიდან 19 საკრუიზო რაკეტა იყო გაშვებული. კარგი შედეგი გვაქვს. საჰაერო თავდაცვის ძალების დამსახურებით, 14 რაკეტა განადგურდა”, – ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.

ამასთან, იგნატი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა რაკეტები კიევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოაგდეს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას უტევენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

“რუსეთის ძალები აგრძელებენ ლოკალიზებულ შეტევით ოპერაციებს კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, ბახმუტის რეგიონში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები ავდეევკას მახლობლად შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ოკუპანტები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვარზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

რუსი სამხედრო ოფიცრების თქმით, წვიმა და ტალახი ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით სახმელეთო თავდასხმებს აფერხებს.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან. აქედან ერთი მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყოფა (დახმარება მოიცავს გენერატორებსა და ელექტრომომარაგების დაფინანსებას).

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარების პირველ ნაწილს იანვარში, უმეტესი ნაწილს კი გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

“მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა. ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს, 1.5 მილიარდს, იანვარში. პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ”, – თქვა ზელენსკიმ.

გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ჭურვებს, დრონებს და მანქანებს, ნათქვამია ამ ქვეყნის მთავრობის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს Vector-ის ტიპის 10 სადაზვერვო უპილოტო საფრენ მოწყობილობას, 1750 საარტილერიო ჭურვს, 70 ყუმბარმტყორცნს, ექვს საპატრულო მანქანას და რვა სატვირთო მანქანას, ასევე, სამხედრო პირველი დახმარების 100 000 კომპლექტს.
ასევე თანამედროვე სადაზვერვო უპილოტო კომპლექსს, LUNA NG-ს,
გერმანია მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ, კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ.

გასულ თვეში, გერმანია დამატებით კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას შეჰპირდა უკრაინას თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ვიზიტისას კიევში.

უკრაინისთვის დახმარებამ ზრდა მისცა ამერიკულ ეკონომიკას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.

„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა“, – განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button