მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან მოითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში, ღონისძიების სახით გავრცელდა. ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ჩვენი მთავარი სათქმელი აქ ის არის, რომ პრეზიდენტმა, როგორც კი საშუალება მიეცემა, სასამართლო პროცესები და საქმის განხილვა დამთავრდება, ლაზარე მომენტალურად შეიწყალოს. ჩვენი მთავარი მიზანი აქ მოსვლის იყო, რომ ახალგაზრდებისთვისაც გვეჩვენებინა, რომ ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა, ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ლაზარე არის 7-8 მარტის შემდეგ დაკავებული ადამიანი, რომელსაც ჯილდოს სახით ინახავს რუსული ოცნება და მძევლად ჰყავს აყვანილი”, – ამბობს აქციის ორგანიზატორი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.
აქციის ზოგი მონაწილე დარწმუნებულია, რომ ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

„რეალურად არის დაჭერილი იმისთვის, რომ იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, – თქვა ნიკოლოზ ხოსროშვილმა, აქციის მონაწილემ.

ლაზარე გრიგორიადისი უკვე 6 თვეა პატიმრობაშია. მას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა.
25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით “წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი”.

მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.

მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში “პატარა ოჯახური შელაპარაკება” ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
შსს-ს მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციის ტერიტორიიდან, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button