მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლი აგრძელებს აგრესიულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. კრემლი აგრძელებს აგრესიულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე, წუხელ ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 130-მდე დასახლება, არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების მიზნით.
პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსეი დანილოვი გაათავისუფლა და მის ნაცვლად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.
“საკადრო ცვლილებები გვაქვს სახელმწიფოს მართვის სისტემაში. მადლობელი ვარ ოლექსი დანილოვის საქმიანობისთვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.
ახლა მის საქმეს ალექსანდრ ლიტვინენკო გააგრძელებს, რომელსაც ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს და ის შეძლებს უკრაინისთვის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გამოწვევების გადაჭრას.
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და პოზიციების გამყარებაზე. მიმდინარე პროცესებში, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ეროვნული უსაფრთხოება – ჩვენ განვაახლებთ და გავაძლიერებთ უკრაინის სახელმწიფო სისტემის ყველა სფეროს,”- აცხადებს ზელენსკი.

რუსეთის სამხედროებმა ოთხშაბათს დაბომბეს ხარკოვი, რის შედეგადაც ზარალი მიადგა ნაგებობებს, მათ შორის – საცხოვრებელ შენობებს.
ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 16 დაშავდა.
ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი სიარჰი ბოლვინოვი იტყობინება, რომ 2022 წლის შემდეგ ქალაქზე პირველად განხორციელდა დარტყმა ავიაბომბებით. როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ბომბებს, რომლებიც ფუგასის ავიაბომბების ბაზაზეა დამზადებული და 250 კგ ტროტილის საბრძოლო მუხტს შეიცავს. როგორც იტყობინებიან, დარტყმა განხორციელდა სკოლის შენობაზე, ასევე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლებზე.
„დარტყმა ხარკოვის საცხოვრებელ მიკრორაიონზე, მრავალბინიან სახლებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ეს უკრაინელების წინააღმდეგ სისხლიანი ტერორის მორიგი აქტია,” – წერს ტერეხოვი.
მოგვიანებით ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად 16 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციია ინფორმაციით, ხარკოვს 2022 წლიდან პირველად დაარტყეს ავიაბომბებით.
ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერები წერენ, რომ დარტყმისას გამოყენებულ იქნა კორექტირებადი ავიაბომბები. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. ადრე კორექტირებადი ავიაბომბების ფართო გამოყენების შესახებ იტყობინებოდნენ ავდეევკის შტურმისას.

რუსებმა მიკოლაევი დაბომბეს, შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
“ამჟამად ცნობილია, რომ დაშავებულია ექვსი ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა,” – განაცხადა კიმმა.
როგორც ცნობილია, მიკოლაევზე თავდასხმისთვის რუსებმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის სოფელ მიხაილოვკაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
“61 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სასიკვდილო დაზიანებები საკუთარ სახლში მიიღო”, – დაწერა პროკუდინმა “ტელეგრამზე”.
დრონით თავდასხმა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
“დაზიანდა გიმნაზია და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. დაჭრილია 62 წლის მამაკაცი, საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი”, – აცხადებს უკრაინის პროკურატურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button