მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი მასირებული შეტევა

დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტლები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულია 27 წლის მამაკაცი. დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანა“, – განაცხადა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა.
მისივე თქმით, საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა – სახლები, საბავშვო ბაღი, საგანმანათლებლო დაწესებულება და ტექნიკური მომსახურების სადგური. დაზიანდა ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ხერსონელებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიემართებოდა. ექიმები არ დაშავებულან.
“დღეს დილით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს. მტრის საარტილერიო დარტყმის ქვეშ სამოქალაქო ობიექტები აღმოჩნდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარმა ხერსონის ოლქი 57-ჯერ დაბომბა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი, მასირებული შეტევა. თავდასხმის გამო, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 30 უპილოტო საფრენი აპარატი და ეს-300 ტიპის 7 რაკეტა. გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია საკომუნიკაციო სისტემები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ფერმერული მეურნეობები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა ლვოვის ოლქში. მსხვერპლი არ არის.
დრონებით შეტევა იყო კიევზეც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება და ყველას უნდა ესმოდეს, რომ წინ რთული ბრძოლა იქნება.
“უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება”, – თქვა მალიარმა.
მან თქვა, რომ უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთში წინსვლა მტრის წინააღმდეგობის გამო. ამავდროულად, ის ამბობს, რომ უკრაინის ჯარები მიდიან ისე, როგორც უნდა წასულიყვნენ და რომ “ყველაზე დიდი შედეგები ჯერ წინ არის”.
მალიარმა აღნიშნა, რომ არ ღირს სამხედროების წარმატების მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით გაზომვა, ვინაიდან ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა, რომლებიც უკვე ხორციელდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button