მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ “ახმატი” ბახმუტის აღებას ვერ შეძლებს პრიგოჟინი და კადიროვი რუსეთს დაადანაშაულებენ

ჩეჩნეთის მეთაური კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს ბახმუტთან პოზიციები დაიცვას

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, თუ “ახმატი” ბახმუტის აღებას ვერ შეძლებს, პრიგოჟინი და კადიროვი რუსეთს დაადანაშაულებენ.

“ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რეგულარული რუსული ჯარების არაეფექტურად წარმოჩენას. ისინი ქმნიან პირობებს, რომ ბახმუტის რეგიონის წარუმატებლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, “ვაგნერიდან” “ახმატზე” გადასვლამ, შესაძლოა, შექმნას საფუძველი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომავალ წარუმატებლობაში დადანაშაულებისთვის. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ “ახმატი” იმავე სირთულეებს წააწყდება, რასაც “ვაგნერი” და ვერ შეძლებს ბახმუტის სრულად ხელში ჩაგდებას, პრიგოჟინს და კადიროვს შეუძლიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ იმაში, რომ მათ ძალისხმევას არასათანადოდ უჭერდნენ მხარს.

გუშინ, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს, “ახმატს” გადასცენ. მისი თქმით, ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს – “ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.

ამასთან ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ.

ამის შესახებ კადიროვი ვიდეორგოლში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა.

„ვიდრე ჩვენ მოვალთ, ვიდრე დავარიგებ პოზიციებს, შენ იქნები დაცვაში და როდესაც ჩვენ დავიწყებთ შეტევას, მხოლოდ მაშინ განვსაზღვრავთ, სად უნდა წახვიდე შემდგომში. ჩვენ სრულად უნდა შევცვალოთ სიტუაციის განვითარება. შენ მე ყოველთვის მეუბნებოდი, რომ კაცური წესებით ცხოვრობ. ამიტომ მე გესაუბრები ამ წესებით: შენ უნდა გააკეთო ეს და ეს. შენ დაგიკავშირდება ხალხი და აგიხსნიან“, – ამბობს კადიროვი.

ამას გარდა, კადიროვი აცხადებს, რომ პრიგოჟინმა ჩეჩენ მებრძოლებს ფრონტის ყველაზე რთული ნაწილები დაუტოვა.

„მან ყველზე კარგი ადგილები აიღო, მისთვის კომფორტული. დანარჩენი, რთულ ადგილებზე უნდა წავიდეთ. ეს უკანასკნელი ბრძოლაა“, – ამბობს კადიროვი.

ამასთან, კადიროვი აცხადებს, რომ კერძო რუსული კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების ბახმუტთან ყოფნა საჭიროა, რადგან მათ იციან ლანდშაფტი.

„თუ თქვენ დარჩებით ჩვენთან ერთად, გპირდებით, ჩვენ მოგცემთ მეტს, შევქმნით უკეთეს პირობებს, ვიდრე დღეს გაქვთ და შევეცდებით, რომ თქვენ ყველაფერი უმაღლეს დონზე გქონდეთ“, – ამბობს ჩეჩნეთის მეთაური.

როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის მეთაურმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომელშიც ის პუტინს სთხოვს, ბახმუტთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ დაკავებულ პოზიციებზე ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ წევრები გაგზავნონ.

ამერიკულ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ კადიროვსა და პრიგოჟინს შორის საჯარო სივრცეში მიმდინარე პოლემიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ისინი ბახმუტთან წარუმატებელ შეტევაზე პასუხისმგებლობის რუსული არმიისთვის დაკისრებას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button