ბარიერგადალახული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ბარიერგადალახული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა და მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ოპოზიციის ლიდერები გუშინ საკუთარ სასახლეში შეკრიბა, კონსულტაციები გამართა, შემდეგ კი, საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა.
„მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი გუნდის სახელით. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური!
არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს!
ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გაიმარჯვებთ აუცილებლად ერთად!
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა- ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა სარჩევო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს.
ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა “ქართული ოცნების” და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები,“ – განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოუწოდა საზოგადოებას პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.