მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმის ხიდის აფეთქება, დიდი ალბათობით, ძლიერად დაარტყამს რუსეთის პრეზიდენტს

ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდის აფეთქება, დიდი ალბათობით, ძლიერად დაარტყამს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტის.

აფეთქება პუტინის 70 წლის იუბილიდან რამდენიმე საათში მოხდა.

„სარკინიგზო ლიანდაგის დაზიანების ხარისხი უცნობია, მაგრამ ყველა სახის სერიოზული დაზიანება, დიდი ალბათობით, აშკარა გავლენას იქონიებს რუსეთის ისედაც მწირ შესაძლებლობებზე მოამარაგოს საკუთარი არმია სამხრეთში. სარკინიგზო მიმოსვლა ყირიმის ხიდზე, რომელიც ძირითადად სატვირთო გადაზიდვებისთვის იყო განკუთვნილი, 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, ასრულებდა საკვანძო როლს რუსეთის არმიის მძიმე ტექნიკის გადატყორცნაზე სამხრეთის ფრონტზე“, – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.

“ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა ასევე თბილოდა. უკრაინელებმა იციან რომ ჩვენი მომავალი მზიანია, ოკუპანტების გარეშე” – ეს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებია, რითაც გუშინ ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

“ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კარგი და ძირითადად, მზიანი დღე იყო. სამწუხაროდ, ყირიმში ღრუბლიანობა იყო, თუმცა ასევე, თბილოდა. როგორიც არ უნდა იყოს ღრუბლები, უკრაინელებმა იციან რა არის გასაკეთებელი. იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს მომავალი ოკუპანტების გარეშეა, მთელ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმშიც. გაიქცევა ოკუპანტებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. თუ და თუ მაინც დარჩენას აიძულებენ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია, ტყვედ ჩაბარდეს უკრაინას. გადარჩენის სხვა ვარიანტს ოკუპანტებს არ დავუტოვებთ.

ვინარჩუნებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებით, სადაც ახლა ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა დავიცვათ უკრაინის ცა. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავაჩქაროთ პარტნიორები, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე და ეფექტური სისტემების მიწოდების შესახებ,” – აცხადებს ზელენსკი.

ხიდის დაზიანება მნიშვნელოვანი დარტყმაა ფრონტის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ჯარის მომარაგების სისტემისთვის. უკრაინის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის მოშლა და კონტრშეტევაა.

წარმატებული თავდაცვითი ოპერაციების მიუხედავად უკრაინის ტერიტორიები კვლავ იბომბება, რასაც მსხვერპლი ახლავს მშვიდობიან მოსახლეობაში.

ზაპოროჟიეს ოლქში სარაკეტო იერიშებს 17 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 29 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში, მათგან 6 კი მცირეწლოვანი ბავშვია. უკრაინული მხარის ინფორმაციით ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე 10-მდე სარაკეტო იერიში განახორციელეს, შედეგად განადგურებულია 5 საცხოვრებელი სახლი და 40-მდე შენობა დაზიანებულია.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში 4 სარაკეტო იერიში განახორციელეს. შედეგად არიან დაშავებულები.

პარალელურად, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები. უკანასკნელი ინფორმაციით ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმებს ხარკოვის ოლქში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ალექსანდრ სტუპუნის თქმით, დღის განმავლობაში თითქმის 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ხოლო ყველაზე დაძაბული ვითარება ბახმუტისა და ავდივის მიმართულებით არის.

“მტერი ცდილობს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას. ცდილობს ჩაშალოს კონტრშეტევითი ოპერაციები. დღის განმავლობაში თითქმის 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე დაძაბული ვითარება ბახმუტისა და ავდივის მიმართულებით არის, სადაც ჩვენმა დამცველებმა მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ოკუპანტები კვლავ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებსა და საერთაშორისო კანონმდებლობას. ღამით მათ იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკვე ცნობილია ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე. მტერი განიცდის დანაკარგებს. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის ძალების ავიაციამ ოცდაათზე მეტი დარტყმა განახორციელა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიმართულებებზე. იერიშები მიიტანეს მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზეც,” – ამბობს სტუპუნი.

პარალელურად, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ კონტრშეტევებს და არსებული ინფორმაციით ლუჰანსკის ოლქში 40-მდე დასახლება უკვე გათავისუფლებულია.

უკრაინის გენ.შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 440-ზე მეტი რუსი სამხედრო. საერთო ჯამში კი საუბარია 62 500 სამხედროზე.

შეგახსენებთ რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა აფეთქებიდან რამდენიმე საათში. მოძრაობა შესაძლებელია საავტომობილო ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე. ეს მისი სიგანის დაახლოებით ნახევარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button