მნიშვნელოვანისიახლეები

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს-აქციაზე, სავარაუდოდ, უკვე 8 ადამიანია დაკავებული

…………
შსს მოუწოდებს, აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამასთანავე, უწყება მოუწოდებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე 8 ადამიანია დაკავებული. ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და პოლიციის მანქანებში ჩასვეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები. ადგილზე ამ წუთებშიც დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.

ადგილზე მყოფი ვაჟა სირაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. შეკითხვას, რატომ აკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, არ პასუხობს არც გოგა მემანიშვილი.

ამ წუთებში, პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადაინაცვლა და აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გრძელდება.

ისინი აპირებენ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავენ, “სირცხვილის დერეფნებით” დახვდნენ.

პარალელურად, აქცია “არა რუსულ კანონს” გრძელდება პარლამენტის წინაც. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button