საქართველოსიახლეები

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები იკვეთება.

თვითმხილველების თქმით, აფეთქება ფირანიშვილების ბინის გვერდით მოხდა, რომელიც დაკეტილი იყო და სავარაუდოდ, იქ დაგროვდა ბუნებრივი აირი, აფეთქება კი, შუქის ანთებამ გამოიწვია. ბინა მოქალაქე გურგენ თხელიძეს ეკუთვნის. ის სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა როდესაც მას მეზობლები დაუკავშირდნენ, მოქალაქემ საკუთარ სახლში ნათესავი, ლევან დავლაძე გააგზავნა. როდესაც გურგენ თხელიძის ნათესავი ავთანდილის 8 ნომერში, მეექვსე სართულზე ავიდა და დაკეტილი ბინის კარი გააღო, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. ლევან დავლაძე აფეთქებას ემსხვერპლა.

ზუსტ მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. ასევე ადგილზე არიან კორპუსის მცხოვრებლები, ისინი ეტაპობრივად შედიან სახლებში, რათა პირველადი მოხმარების ნივთები აიღონ.

ახალგაზრდა ქალი ნათია ციცვიძე, სამი შვილის დედა, რომელიც ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს დაიღუპა, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო. აფეთქების შედეგად დაშავებული მისი 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დედა-შვილთან ერთად, ასევე დაიღუპა ნათია ციცვიძის და, ნინო ციცვიძე, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილობრივები ტრაგედიას ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ. ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები „ყაზხტრანსგაზის“ თანამშრომლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, რადგან მათ გამოიძახეს, თუმცა, ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა ხარვეზი ვერ ნახეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button