მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

ომის 324-ე დღე უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 სარაკეტო იერიში განახორციელეს დონეცკის ოლქის ქალაქების, ლიმანის და ჩასოვ-იარის სამოქალაქო ობიექტებზე. გენშტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვა რაიონებში მოწინააღმდეგემ განახორციელა 23 საავიაციო დარტყმა და 69 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, კრემენაიას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, სოლის, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, მაიორსკის, პერვომაისკეს და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. რაც შეეხება ქალაქ სოლედარს, რომელიც დღეს ყველაზე ცხელი წერტილია, ის დასახელებულია ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ დასახლებულ პუნქტებს შორის, რომლებსაც რუსული ძალები უტევენ ტანკების, ნაღმმტყორცნების და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 1 ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 113 390 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3094
ჯავშანტექნიკა – 6159
საარტილერიო სისტემა – 2082
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 437
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 218
თვითმფრინავი – 285
ვერტმფრენი – 276
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1865
ფრთოსანი რაკეტა – 723
გემი/ნავი – 17
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4826
სპეცტექნიკა – 184
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button