მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერს ჩარტერული ფრენის ხარჯი პენსიონერმა მამამ გადაუხადა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ჩუბინიძის ამ კომენტარის ჩაწერის შესაძლებლობა ჰქონდათ “რუსთავი 2-ს”, “იმედს”, “პოს ტვ-სა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია. ცნობისთვის, ტარიელ ღარიბაშვილი პრემიერის მამაა და ის პენსიონერია.

ამასთან ჩუბინიძის თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.

“მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია”, – თქვა ჩუბინიძემ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ანზორ ჩუბინიძის ამ კომენტარში არ არის ახსნილი, რა დაუჯდა პრემიერს შვილთან ერთად გერმანიიდან აშშ-ში ჩასვლა.

ცნობისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს “ქართული ფესვები”) 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა.

რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია: მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა). კომპანიის დირექტორი ნათია ლობჟანიძეა. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებული, შემოსავლებსა და სხვა დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო იქიდან რეგულარული რეისით – აშშ-ის მიმართულებით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები. ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა – მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button