მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ონკოლოგიური პაციენტების დახმარება თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკი

გუშინ, 1 სექტემბერს ცესკომ გამოაცხადა, რომ  არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში ოფიციალურად შევიდა. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმაც სწორედ გუშინდლიდან დაიწყეს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია.

საინტერესოა, რომ სწორედ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდით გავრცელდა განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ 20 აგვისტოს დაუკავშირა ოპოზიციამ ხელისუფლების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას.

გიორგი გახარიას გამოქვეყნებული მიმართვა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსების გაზრდას ეხება.

გიორგი გახარია

„მეგობრებო, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა.

საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის“, – ვკითხულობთ გიორგი გახარიას ფეისბუკ-გვერდზე.

აღსანიშნავია რომ მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი 20 აგვისტოს გახდა, როდესაც მთავრობის სხდომაზე,  პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დახმარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ილაპარაკა. მანამდე ლაპარაკი 17 წლამდე ბავშვებისთვის ერთჯერად 200 ლარიანი დახმარებაზე, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის პირველ სემესტრში სწავლის საფასურის გადახდაზე, კომუნალური გადასახდლების სუბსიდირება და სხვა.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩნდება მეოთხე ეტაპის პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ თანხის გადახდა. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამას რვა ათასი ლარით გავზრდით და ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, შესაძლებლობა ექნება მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლოს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გახარიამ 20 აგვისტოს.

გახარიას ინიციატივას ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა გეგმაში გაწერილი, თუმცა, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

სერგო ჩიხლაძე

„ქართული ოცნების“ მთავრობა ახლა, წინასაარჩევნოდ იწყებს დაპირებების გაცემას ონკოდაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, რასაც ჩვენი გუნდი – გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შარშან ოქტომბრიდან ვაყენებთ. კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა ბატონი გახარია და მისი მთავრობა?

რატომ ახსენდება დამსხვრეული ოცნებების მთავრობას გასაჭირში მყოფი ადამიანები მხოლოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე?“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, პრობლემა დიდი ხანია დგას და ამჟამინდელი გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მოახლოებასთან არის დაკავშირებული.

„სავარაუდოდ, ესეც იქნება დამსხვრეული ოცნების პარტიის მორიგი ცრუ დაპირება, რომელიც არაერთი გვინახავს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები, რაც კოვიდპანდემიის გავლენის შესამცირებლად გამოცხადდა, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებად შეაფასა ოპოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქამდეც ჰქონდა დახმარებისთვის სამყოფი თანხა, რომლის გაცემა შეგნებულად, არჩევნების მოახლოებამდე გააჭიანურა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, „ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გაღარიბა ქვეყანა, ამ ფონზე კი გახარიას ვითომ წყალობა ფარისევლობა და ტყუილია.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ონკოპაციენტების დახმარებაზე გამოხმაურება ექსპერტებშიც მოჰყვა, სადაც აგრეთვე იყო წინასაარჩევნო პერიოდზე ყურადღება გამახვილებული. თუმცა, ამის მიუხედავად, თუკი ხელისუფლების ინიციატივა რეალურად ამუშავდება, კონკრეტული ადამიანები შედეგს მიიღებენ.

„ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომ დაფინანსების გაზრდა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანების გამოჯანმრთელებისკენ და ადამიანების გარდარჩენისკენაა მიმართული და ვფიქრობ, არ ღირს ყველა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა“, – განაცხადა „აფბას“ პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button