მნიშვნელოვანისიახლეები

გახშირებული ხანძრები საქართველოში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა. ხანძარი ნახევრად ალპურ ზონაშია რის გამოც ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის.
მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური
ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.
დღეს საღამოსთვის გვპირდებიან, რომ შილდაში ხანძარი შედარებით ლოკალიზება იქნება და ნახანძრალი ტერიტორიის ნორმალიზება მოხდება,- ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ განაცხადა

მისი თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად მეოცე კადრირებული ბრიგადის 201-ე და 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას.

„როგორც კი სოფელ შილდის მიმდებარედ კახეთის რეგიონში გაჩნდა ხანძრის კერები, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაუყოვნებლივ ჩაერთო ხანძრის ქრობის პროცესში. გუშინ, ასევე დაემატა მეოცე კადრირებული ბრიგადის 201-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა და 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა. ეს არის ის შემადგენლობა, ვისაც გავლილი აქვთ მეხანძრე-მაშველების სპეციალური კურსი, ასევე, აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ვფიქრობ, რომ ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებენ მეხანძრე-მაშველებთან ერთად მიმდინარე ღონისძიებებში. დღეს საღამოსთვის გვპირდებიან, რომ ხანძრის ლოკალიზება იქნება და ნორმალიზება მოხდება ნახანძრალი ტერიტორიის.

იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის ძალების შესაბამისი ტექნიკის ჩართვა გახდება საჭირო, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ. თუმცა ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის ის სპეცაღჭურვილობა და ტექნიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ადგილზეა და უკვე ამ ტექნიკით ჩართულები ვართ და ვმონაწილეობთ პროცესში“,- განაცხადა რომან ჯოხაძემ.

შილდაში ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია,
შილდის მთებში წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის 10 მდე კერაა, რომელიც 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს სოფელ შილდაში ხანძარი გაჩნდა.

ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ლიკანსა და ქვაბისხევის ფერდობებზე ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ამის მიუხედავად, ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მაინც რჩება, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მაღალი გამავლობის ავტომობილები და ტრაქტორები იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გზის გაკაფვა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის საჭიროება აღარ დადგება.
ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.

ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ. ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს წაეკიდა. მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის ალში უნიკალური ნარგავები იწვოდა, რომლებიც ეროვნულ ტყე-პარკშია დაცული.
მას შემდეგ რაც სპეციალისტები ჩამქვრალ კერებს დააკვირდებიან და დარწმუნდებიან, რომ მისი ხელახალი გაჩენის საფრთხე აღარ არსებობს, ტერიტორიას დატოვებენ.
ამის შემდეგ დადგინდება, რა ფართობი დაიწვა ბორჯომის ტყეში და რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.

სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან.

„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები, ველოდებით ვერტმფრენს. რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ, ტექნიკით ვერ მიდიან, ცეცხლი ტყეში, მთის ფერდობზეა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით ხანძარი რა მასშტაბზეა გავრცელებული“, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button