პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, 9 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის 4 ქალია.
საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია, – წერს ადმინისტრაცია.
ადმინისტრაცია არ აზუსტებს შეწყალებულთა ვინაობას.
31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, ორბელიანების სასახლესთან 27 მაისს, 18:00 საათზე, აქციაა დაგეგმილი.
„გავაგონოთ პრეზიდენტს და ევროპარლამენტს, რა არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა – ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის შეწყვეტა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.