მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 3780 განცხადება, ხოლო ცხელ ხაზზე 14 295 ზარი შევიდა.

ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 3780 განცხადება, ხოლო ცხელ ხაზზე 14 295 ზარი შევიდა.
მისივე თქმით, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა.
„2024 წლის განმავლობაში მომზადდა 16 სპეციალური ანგარიში და 1 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 2 კონსტიტუციური სარჩელი, 11 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ფემიციდი, პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა, ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები და სხვა.
თანამომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშების მოსმენა, ამ ანგარიშების რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილების შემუშავება და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში საუბარია დადებით ტენდენციებზე შემდეგი მიმართულებებით: საერთო სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესება და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაცია – რესოციალიზაცია, არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და მათი ეკონომიკური გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმებისა და ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ფინანსური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით გატარებული ღონისძიებები, სოციალური უზრუნველყოფა, განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლების ხარისხის ზრდა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, ანგარიშში დადებით ტენდენციებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზეც, რომლის გაანალიზება მნიშვნელოვანია.
პლენარულ სხდომაზე, რატი იონათამიშვილმა წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას კენჭს უყრის.

გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე გამართულ საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური წინაპირობა შექმნა – არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ამის საპირისპიროდ, დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
იოსელიანის თქმითვე, საანგარიშო პერიოდში, წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.
„2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო. უფლებადარღვევების წყება, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობა, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით არაღჭურვა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა გახდა. შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე მე პირადად და ჩემმა რწმუნებულებმა 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60%, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობებს. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამის საპირისპიროდ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამონაკლისო დაშვება მოგვცა გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების საგამოძიებო მასალებზე, დაახლოებით 50 ტომი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მიმდინარე გამოძიება არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ, სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე წინადადებით მივმართე”, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ „პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე სადავოს ხდის, ხოლო მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას“.
„საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოვლენილი უფლებადარღვევები სპეციფიკისა და განსაკუთრებით, მასშტაბურობის გათვალისწინებით მრავალ ასპექტს მოიცავს. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევას, რაც დეტალურად არის მიმოხილული საპარლამენტო ანგარიშში.
ადმინისტრაციული დაკავების ჭრილში, პირველ რიგში საგულისხმოა, რომ კვლავ პრობლემურია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს. კერძოდ, პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე სადავოს ხდის. ადმინისტრაციული დაკავებისას მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და ამას ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. სამწუხაროდ, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, წლების განმავლობაში გაცემული წინადადება-რეკომენდაციები დღემდე შეუსრულებელია.
ამასთან, საანგაროში პერიოდშიც გაგრძელდა საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავების 48 საათამდე უსაფუძვლოდ გახანგრძლივების არასწორი პრაქტიკა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2024 წელი „სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის პოლიტიკური შეკრების სიმრავლით გამოირჩეოდა“.
„მათი სახეობების, ადგილმდებარეობების, სიხშირის, ხანგრძლივობისა და მონაწილეთა რაოდენობის ცვალებადობასთან ერთად, განსხვავებული იყო საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული რეაგირების მეთოდები და შესაბამისად, უფლებაში ჩარევის ინტენსივობაც. ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრების დაშლაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. მსგავს შემთხვევებში საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა“,- განაცხადა იოსელიანმა.

ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ – თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამ არ გამიკეთებია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, როგორც სახალხო დამცველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება არ განუხორციელებია.
„ის 200-მდე შემთხვევა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, ეს იყო საჯარო წყაროებით გავრცელებული სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევები, მათ შორის ბატონ გივი მიქანაძესთან მქონდა კომუნიკაცია არჩევნების წინ, ისევე, როგორც სხვა პარტიებთან, რომ გამოეგზავნათ ჩემთვის სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და რა ინფორმაციაც მქონდა, ყველაფერი ანგარიშში ავსახე, მათ შორის, ბანერების დაზიანება და ა.შ. მაგრამ მეორე მხარეს ასეთი ფაქტები იყო უფრო მეტი და ამ ფაქტების შესახებ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს ყველაფერი გადავამისამართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. მერე მოვიკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, ე.ი. არ ყოფილა ლევან იოსელიანის მიერ მოგონილი ფაქტები, ხომ? მაშინ გამოძიება რაზე დაიწყო? – იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას და გამოძიება დაიწყო, ამიტომ მოვახდინეთ ამ ყველაფრის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების დამკვირვებელი ვიყავი ან 3000 უბანზე წარმომადგენელი მყავდა და შემიძლია ვისაუბრო გაყალბდა თუ არა არჩევნები. იმიტომ, რომ ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ. თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამე არ გამიკეთებია და გაყალბების შესახებ ჩემი კომენტარი შემოიფარგლებოდა იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ „100 000 პირადობის მოწმობა გაყალბდა”, რომ „300 000 ხმა გაყალბდა”, თუმცა არცერთი განცხადება ჩვენთან არ იყო. ამის გადამოწმება წარმოსადგენია, რა ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჩემს პირად აზრს გამოვთქვამდი, თორემ როგორც სახალხო დამცველს მე არჩევნების დაკვირვება არ განმიხორციელებია. იმიტომ, რომ ამას სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკეთებდა. ყველაზე მეტად მე იმათ დასკვნას ვეყრდნობი, განსაკუთრებით, “ეუთო/ოდირის” დასკვნას, სადაც ასეთი ინფორმაცია მასშტაბური გაყალბების შესახებ ვერ ვნახე”, – განაცხადა იოსელიანმა.

თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? – ჩემი შეფასებით არა! – რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.
იოსელიანმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც აქციის დაშლა ხდება, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად პროპორციულია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ძალა.
„როდესაც ვთქვი, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობდა აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი, რადგან სახეზე იყო კონკრეტული ჯგუფის ძალადობრივი ქმედება, საუბარია რამდენად პროპორციულად გამოიყენეს ძალა ამ ძალადობრივი ქმედებაზე.
მაგალითად, თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას დაიწყოს დაშლა რუსთაველზე? – ჩემი შეფასებით არა! – ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, შეიძლება არ იცოდნენ და ხშირად არ იციან, რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან ან ჭიჭინაძის ქუჩაზე და მათი მშვიდობიანი პროტესტი დაცვას იმსახურებს, ხოლო მოძალადეების ქმედება იმსახურებს შესაბამისი პასუხის გაცემას.
ეს არის ჩემი მიდგომა. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, უნდა მითხრათ, რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?!
შეიძლება პოლიცისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება რთულია და ალბათ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ პოლიციის მიერ აქციების დაშლის სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო იყოს, სადაც არც ერთ ადამიანს არანაირი საფრთხეზე არ დაემუქრება და არც ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება, განსხვავებით ამ აქციებისგან, სადაც უამრავი დაშავებული ადამიანი ვნახეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე.

იოსელიანმა სესიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button