ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ- სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ, – ამის შესახებ განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ღამეს კვლავ გაათენებენ.
„ჩვენი უნივერსიტეტი პარტიულ შტაბად იქცა. რექტორი პარტიულ ღონისძიებებზე დადის, ასევე ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით, დღესაც ვრჩებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ პროტესტს. დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს, დროა ხალხო, ქუჩებში გამოვიდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. ჩვენს გვერდით არიან „ილიაუნის” სტუდენტებიც”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
„ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს, ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დღეს, 15 ნოემებრს უკვე მეორე დღეა სტუდენტების ნაწილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.