ოპოზიციას სადეპუტატო მანდატი შესაძლოა მიმდინარე კვირაში შეუწყდეს

ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე უმრავლესობა მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.
“ჩვენ, ბუნებრივია, ელჩების აზრსაც ვითვალისწინებთ და ასევე ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიციას, რომლის ნაწილსაც, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მათ ნაცვლად ჩვენ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ეს პოლიტიკური პროცესი არ დავაზიანოთ ამ გადაწყვეტილებით,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.