მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი 1200 კილომეტრზე მეტია – ზელენსკი

უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის

გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ბრიგადები გაძლიერებული იქნებიან ახალი დასავლური ტანკებით, საზღვარგარეთ წვრთნაგავლილი ათასობით ახალი ჯარისკაცით და რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად იბრძოლებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი სამობილიზაციო პოტენციალი და ახალწვეულებს შორის არიან ქალებიც, სამხედრო გამოცდილების არ მქონე პირები, და ასევე ყოფილი პოლიციელები და სამხედროები.
გარდა ამისა უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი ახლა 1200 კმ-ზე მეტია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 აპრილს შეერთებული შტატების გუბერნატორთა ეროვნული ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე ახლახან დავასრულე მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც განთავისუფლებულია რუსული არმიისგან ან ესაზღვრება საბრძოლო ზონას. ეს ყველაფერი კოლოსალური ტერიტორიაა. უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი ახლა 1200 კმ-ზე მეტია. ეს იგივეა, როგორც ვაშინგტონიდან ჩიკაგომდე და უკან! ზოგადად ფრონტი კიდევ უფრო დიდია”, – ციტირებს ზელენსკის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ზელენსკიმ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც “რუსეთის დროშა ან უკვე ჩამოვაგდეთ, ან ჩვენ ვემზადებით მის ჩამოსაგდებად.”

მანამდე უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადეს, რომ უკრაინის კონტრიერიში აპრილ-მაისში შეიძლება დაიწყოს. მის სავარაუდო მიმართულებად მრავალი ექსპერტი მიიჩნევს სამხრეთს – ზაპოროჟიესა და, შესაძლოა, ხერსონის ოლქებს.

მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის გამოცემა Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი აღჭურვილობის სიმცირის გამო ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონტრიერიშის დაწყება. „ამუნიციას ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვებს იყენებს, ვიდრე უკრაინის ჯარები.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინა თავის მამაც დამცველებს კონტრიერიშზე ვერ გაგზავნის საკმარისი რაოდენობის შეიარაღების გარეშე“.
ამასთან რუსეთის სისასტიკეზე კიდევ ერთეხლ ხაზს უსვავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები “უკონტროლოდ, ბარბაროსულად”, ინდუსტრიული მასშტაბით ჭრიან ხეებს უკრაინის ტყეებში, რასაც “აუცილებლად მოჰყვება კატასტროფული შედეგები გარემოსთვის”.

იმ ხეების დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის ძალები და მეწარმეები აჩანაგებენ ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და სხვა ოკუპირებული რეგიონების არეალებში, თავის დროზე დარგეს იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ძლიერი ქარი და წყლის ეროზია, და მოქალაქეებს დასვენების ადგილები ჰქონოდათ – თქვა მალიარმა 5 აპრილს.

მარტის ბოლო 10 დღის განმავლობაში, მალიარის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლთან მოძრაობდა რუსეთის სატვირთო მანქანების კოლონები, რომლებსაც იმ ადგილებში მოჭრილი ხეები გადაჰქონდა. მალიარი ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივ გლეხებს აუკრძალეს მიწაზე მუშაობა, რაც, მისი თქმით, სავარაუდოდ წყვეტას გამოიწვევს ამ წლის გაზაფხულის ხვნა-თესვის სამუშაოების შესრულებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button