მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი კიდევ 5 პირს წარედგინა

5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი კიდევ 5 პირს წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში არიან ბრალდებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

5 და 6 ივლისს “განხორცილეებული ძლადობის ფაქტზე ამ დროისათვის ბრალი 8 პირს აქვს წარდგენილი.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button