მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტესტირების მსურველთა მიმართვიანობა დღითიდღე იზრდება. ბიოლოგიურ მასალას აბარებენ, როგორც ინფიცირებულთა კონტაქტები, ასევე გამოვლენილი სიმპტომების მქონე პაციენტები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ საწოლფონდის რესურსი ამ დროისთვის ჯერ კიდევ საკმარისია. ინფიცირებულთა ნაწილი ოჯახში გადის მკურნალობის კურსს, სტაციონარში გადაყვანას დაქვემდებარებულნი კი კახეთის 3 კოვიდცენტრში, ლაგოდეხში, საგარეჯოსა და თელავში მკურნალობენ.

გიორგი გოზალიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 221 ტესტიდან 23-ს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ადგილობრივ ჯანდაცვაში ამბობენ,რომ ყველაზე რთული ეპიდვითარება ქალაქ ლაგოდეხში და მის მიმდებარე 3 სოფელშია.

ამ დროისთვის ლაგოდეხში ასტრაზენეკას ვაქცინის მარაგია. ვაქცინაცია კი ჩაუტარდა 100-ზე მეტ ადამიანს. პანდემიის დაწყებიდან მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 1760 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1400 -ზე მეტია. მკურნალობას გადის 313 კოვიდინფიცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button