,,ზუსტად ვიცით პრეზიდენტი არაფერს საქართველოს სასიკეთოდ არ ილაპარაკებს,,-ოცნების კრიტიკა პრეზიდენტის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მოჰყვა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პირად ამბიციაზე ფიქრობს და ცდილობს, უთხრას თავის პატრონებს – შემიძლია ისეთი კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგა, თქვენთვის სასარგებლო თოჯინა ვიყო, რომელიც, რასაც დაავალებთ, იმას გააკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში, პირველ რიგში, არის საქართველოს ინსტიტუციების, პრეზიდენტის ინსტიტუტის და ასევე კონსტიტუციის შეურაცხყოფა.
„არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც გაწერილია კონსტიტუციის მიხედვით და სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს არღვევს, რითიც არღვევს კონსტიტუციას. ამბობს, მე არ მაინტერესებს, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები რა არის, არ მაინტერესებს კონსტიტუცია და სადაც მინდა, იქ წავალ. თან, ზუსტად ვიცით, რომ არაფერს საქართველოს სასიკეთოს არ ილაპარაკებს იქიდან გამომდინარე, რომ წარსული გამოცდილება გვაქვს – საქართველოს სასიკეთოს არაფერს ლაპარაკობს. შესაბამისად, საოცარია მისი ეს ქცევა – როგორც ჩანს, ის მხოლოდ პირად ამბიციაზე ფიქრობს და ცდილობს, თავი დაანახოს თავის პატრონებს და უთხრას – შემიძლია კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგა, თქვენთვის სასარგებლო თოჯინა ვარ, რომელსაც რასაც დაავალებთ, იმას გააკეთებს: იწყალებს ნიკა გვარამიას, არღვევს კონსტიტუციას და მიდის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელმაც, სხვათა შორის, თავის რეპუტაცია გაიფუჭა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია, როგორც ოლიგარქი, ისე, რომ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი ამის არ გააჩნია და იმეორებს იმ ჟურნალისტის სტატიიდან ამონარიდს, რომლის მეუღლეც გახლავთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი. ანუ, აქაური ოპოზიციური მედიის ნარატივს იმეორებს საყოველთაოდ ცნობილი მიუნხენის კონფერენცია. წარმოგიდგენიათ, როგორი დარტყმაა ეს მათ რეპუტაციაზე? აი, ასეთ გაუგებრობაში აპირებს წასვლას სალომე ზურაბიშვილი და იმის ხელშეწყობას, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. მეორე რიგში, ამით გვეუბნება, რომ არ აინტერესებს, საქართველო როგორი იქნება, საქართველოს სახელმწიფოებრივი სიძლიერე როგორი იქნება. მე მხოლოდ ჩემი პირადი ამბიცია მაქვს – მისი გზავნილი ასე შეგვიძლია, აღვიქვათ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრის სახით.
„იცით თქვენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, ქვეყნის ლიდერები არ არიან ყოველთვის იქ წარმოდგენილი. საქართველო იქ იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილი, ის მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ინარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.
„მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ შეგროვდა ორი მესამედი პარლამენტის წევრების, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ეს კავშირი მაშინაც გამოჩნდა, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ. თუ რა საზღაურის სანაცვლოდ არის, ეს ყველაფერი გამოჩნდება. საზღაური არის რადიკალიზაცია, ქვეყნის დისკრედიტაცია, მათ შორის მისი უნებართვოდ გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი. ერთადერთი მიზანი აქვს ამას, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ის ძალიან ბეჯითად მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველ ბრიფინგს მართავს. მან პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა. კითხვა ეხებოდა ფაქტს, რომ ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად”.
“მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს “შეახსენა”, რომ მისი მისი რეიტინგი, ღარიბაშვილის თქმით, 1% იყო და ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ “იგი მოიყვანა პრეზიდენტად”
ცნობისთვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.
სპიკერთა სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.