მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-უკრაინაში 191 420 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის არმიის სარდლობა ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და მარინკას ასახელებს ფრონტის იმ მიმართულებებად, სადაც რუსეთს ძირითადი ძალისხმევა აქვს კონცენტრირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ამ 4 მიმართულებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის 41 შეტევა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 17 საავიაციო და 19 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 25-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები.

“სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის არიან ბავშვები. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მტრის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია”, – წერს გენშტაბი.

უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას, ჩაატარა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ნოვოსელოვსკისა და ბელოგოროვსკის რაიონებში.

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს ბახმუტის მიმართულებით შეტევით მოქმედებებს, ქალაქში ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ 1 მაისს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოიგერია რუსეთის 15 ფრთოსანი რაკეტა. მასირებულ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პავლოგრადში დაიღუპა 2 ახალგაზრდა და დაშავდა კიდევ 40 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, 9 სასწავლო დაწესებულება და 5 მაღაზია.

უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესახებ ისევ არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც 1 მაისს განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ობიექტების დაკონკრეტების გარეშე მხოლოდ ის თქვა, რომ ყველა სამიზნე გაანადგურეს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 7 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე და გაუნადგურა 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 6 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 2 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 191 420
​ტანკი – 3 701
ჯავშანტექნიკა – 7 193
საარტილერიო სისტემა – 2 930
სარაკეტო სისტემა – 544
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 298
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 477
საკრუიზო რაკეტები – 947
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 851
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 360.

მსგავსი პოსტები

Back to top button