ლავროვი პუტინის ნაცვლად-G20-ის სამიტს რუსეთის ლიდერი არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სექტემბერში ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს არ დაესწრება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კანცელარიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს გამოტოვებს, რომელიც ინდოეთში სექტემბერში ჩატარდება და მის ნაცვლად სამიტის მუშაობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.
ასევე მოდის კანცელარიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნა განხილული.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში დასავლური მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე გამოჩენას არ გამორიცხავს.
2020 და 2021 წლებში, პანდემიის დროს, პუტინი G20-ის შეხვედრებში ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა. თუმცა, 2022 წლის ღონისძიებაში, სადაც მსოფლიო ლიდერებმა მისი უკრაინაში შეჭრა დაგმეს, მონაწილეობაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული, თუმცა ინდოეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.
პუტინი არ წასულა BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაშიც, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისი დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული, მაგრამ ინდოეთი, სადაც G20-ის სამიტია დაგეგმილი, სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.