რა უჯდება ბიუჯეტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შენახვა

2017 წლის აპრილში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში 7 865 ლარი მიიღო, რაც აღემატება პრემიერ-მინისტრის (4 250 ლარი), პრეზიდენტის (6 900 ლარი), უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარეების (7000 ლარი) ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC ავრცელებს.

ცენტრი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების, პრემიებისა და ანგარიშის თანახმად, დანამატების მონიტორინგს აქვეყნებს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა 5 330 000 ლარია, საიდანაც 550 000 ლარი უშუალოდ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი.

“საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სააგენტოში განსაზღვრულია 21 საშტატო ერთეული. საკვლევ პერიოდში კი, პრემიები და დანამატები 19-20 თანამშრომელზე გადანაწილდა. განსაზღვრული 21 საშტატო პოზიციების გარდა, სააგენტოში შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულია 6 პირი. მათზე ანაზღაურებისა და პრემიის სახით 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 47846.3 ლარი გაიცა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ სააგენტოს თანამშრომლების ძირითადი ნაწილი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ყოველთვიურად იღებს დანამატებს, ხოლო პრემიის გაცემა მხოლოდ დღესასწაულებზე ხდება.” -ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

სახელმწიფო სააგენტოში ამ კვლევაზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button